Wednesday, September 21, 2011

წარმატებული პრეცენდენტისთვის


მაპატიონ ტაბლოიდური პრესის მაცნეებმა, რომ მე მათ ნაშრომს არასოდეს ვკითხულობ, მაგრამ რაც 31 აგვისტოს "სარკეში" ზაალ ჩიქობავას ინტერვიუ წავიკითხე, ჩემი მეგობრების რჩევით, არ შემიძლია საყოველთაოდ „წაკითხვად მედიუმში“ - ღმერთმა მარკი კარგად ამყოფოს - ფერფლად არ ვაქციო მისი სიტყვები.


სტატია ასე იწყება „რობერტ სტურუამ ძალიან მაწყენინა“ ბოლო გვერდს კი წითელ არშიაზე გამოტანილი ტექსტი ამთავრებს „ნათელმხილველი სელინა, მკითხაობს ტაროს კარტზე და ყავაზე“. პერიოდიკა მართალია ყვითელია და კომპეტენტური წამკითხველი მცირე ეყოლება, მაგრამ უსამართლობით დაჩაგრული თეატრის მმართველის თვითგამორკვევა დიდი მჯელობისთვის გვეძახის: „..ჩვენ ჩვენი ჯვარი გვაქვს და ჩვენ ჩვენი ცოდვა გვაწევს კისერზე. როცა სიმართლისთვის იბრძვი, შენ თვითონ უნდა იყო მართალი და სუფთა. ყველამ ჩავიხედოთ საკუთარ თავში და გავაანალიზოთ, რისი უფლება გვაქვს. რაშიც სუფთები ვართ, იმის გამო ვიბრძოლოთ.რაშიც ჩვენ თვითონ ვცოდავთ - ხმას ნუ ამოვიღებთ!“


ნაციონალურ თეატრს მართავს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობასაც ამტკიცებს კულტურის სამინისტრო. კულტურის სამინისტრო ირჩევს თეატრის სამხატვრო დირექტორს. სამეთვალყურეო საბჭოს აბარია თეატრის პოლიტიკა, ადმინისტრაცია და ზოგადი კონტროლი ნაციონალური თეატრის. (პროცესებს ასევე ათვალიერებს პროპკავშირი, რომელსაც ხელოვანთა და თანამშრომელთა უფლებების დაცვა ავალია). ასეთი სისტემის პირობებში თეატრს ჰყავს ერთი დირექტორი - იგულისხმება სამხატვრო დირექტორი და შემდეგ აღმასარულებელი გუნდი; აღმასრულებელი/გენერალური დირექტორი (CEO/Chief Executive Officer), ფინანსური დირექტორი, პროდიუსერი/fundriser, საზოგადო და საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი. საბჭო ინაწილებს სამხატვრო ხელმძღვანელის პასუხისმგებლობას კადრების შერჩევაში. სამხატვრო დირექტორი პასუხისმგებელია თეატრის სამხატვრო რეპუტაციის და მმართველობის ეფექტურობისა.

საბჭოს ასევე აქვს უფლება პერიოდულად მოიწვიოს თეატრის მუშაობის შემფასებელი დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ასევე მიაწოდებენ მას საჭირო რჩევებსა და რეკომენდაციას.არსებობს ასევე მრჩეველთა საბჭოც, რომელშიაც წევრიანდებიან მსოფლიო პროდუსერები/ პარტნიორები, მსოფლიოში გამოჩენილი მსახიობები, საერთაშორისო ექსპერტები და ა.შ.


საქართველოს მთავარი თეატრის მმართვა კი ერთადერთ ადამიანს აბარია, რომლის კომპეტენციაშიც მეშვიდე წელია არავის შეპარვია ეჭვი. მეტიც იგია პასუხისმგებელი ისაუბროს თეატრის სამხატვრო განვითარებაზე, ახალი სახელოვნებო ესტეტიკის და სკოლების ჩამოყალიბებაზე, აკადემიურ განათლებაზე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევის ტექნოლოგიებსა თუ გადაწყვეტილებებზე. ქართული თეატრის პროფესიონალიზმიც ეეჭვება და შეკითხვები აქვს მიშა თუმანიშვილთან, დოდო ალექსიძესთან, სტურუასთან, ჩხეიძესთან რატომ არ გაზარდა ქართული თეატრისთვის გრიმიორი და ხმის ოპერატორი? აქვე საუბრობს ეთიკის ნორმებზე და ზოგადად პროფესიონალიზმზე.

მოწინავე ქვეყნების ნაციონალურ ანუ მთავარ თეატრებს თითქმის ერთი და იგივე სისტემა მმართავს. მაგალითისთვის ინგლისის ნაციონალური თეატრი ავიღოთ, რომელთანაც თანამშრომლობის მემორანდუმი 2008 წლის ომის შემდეგ საბოლოოდ გაფორმდა რუსთაველის თეატრში, ჩემი 3 წლიანი მუშაობის შედეგად.


სწორედ ამას ვთხოვ ქართულ მედიას, რატომ ერთხელ არ დაუსვით იგივე შეკითხვა: მისივე დაწუნებულმა თეატრალურმა ინსტიტუტმა და პედაგოგებმა ოდესმე თუ ასწავლა კულტურის მმართვა და ადმინისტრირება XXI საუკუნეში? საერთაშორისო პრაქტიკას კი ისევ და ისევ შემთხვევით მემორანდუმის ხელის მოწერის შემდეგ ათვალიერებს. როცა ქვეყანას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია სასიცოცხლო პირობადა აქვს დასახული, ყოფნის თუ არა მსახიობის კომპეტენცია ამ საქმეს? თავად გვირჩევს „დღეს ჩვენ ქვეყანას სჭირდება, რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოსო“. როგორც მსახიობი კი თავის თავზე მუშაობით და დიდი მეცადიონეობით სულ უნდა იზრდებოდეს და თუ მაესტოს არ მოეწონა, ნამდვილად საწყენია.

ჩემი ახლო დათვალიერებით კი შვიდი წლის მანძილზე რუსთაველის თეატრის განვითარებას ელემენტარული პირობები აკლია, რაც ყველა კულტურის მენეჯმენტის სახელმძღვანელოში პირველივე გვერდებზე წერია და რობერტ სტურუას თუ ასეთი ადმინისტრირება მოეწონებოდა, მაშინ კულტურის მესვეურთ ადრევე უნდა გასჩენოდა სტურუას განთავისუფლების მიზეზი. არა და 40 წელია მისი საეთაშორისო გამოცდილება მსოფლიოს 40-ზე მეტი მოწინავე თეატრის ადმინისტრაციის ცნობას და ცოდნას ითვალისწინებს. მედიას კი იმასაც ვთხოვ აბა მსოფლიოს 40 წარმმართველი თეატრის და მოწინავე რეჟისორის სახელი ათქმევინოს თავის რესპოდენტს.


რუსთაველის დასის პროტესტი თუ თანადგომა დღეს ნამდვილად ჩამოყალიბებას საჭიროებს. სტურუას სიტყვა - „კანონი“ კი თეატრის იმ წარსულიდანაა, რომლის შემდეგაც ისტორიის მაცნეებს მხოლოდ რეცენზიები თუ უწერიათ და არა მთავარი შეკითხვები დაუსვავთ. „ისტორია თავის სიტყვას იტყვის“-ო ამბობს ზაალი და ნანობს ლუსტრაციის კანონს, რომ „ვინ რისი გამკეთებელია“ და „რაზე წამსველელი“ ის გაგვეგო. ეხლა ხომ ვიცით, 7 წელი გავიდა უკვე, თეატრი კი დიდ სიახლეებს ელოდება.


სოფო თორთლაძე

ანტერპრენიორი